სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი

Wednesday, March 23, 2016


იგავი ფარისეველსა და მეზვერეზე
ორი კაცი მივიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე.
ფარისეველი ლოცულობდა უფლის წინაშე: გმადლობ, უფალო, რომ არ ვარ ისეთი, როგორც სხვა ადამიანები მტაცებელი, ცრუ და მემრუშე, თუნდაც როგორც ეს მეზვერე. ვმარხულობ და ჩემი მონაგებიდან შესაწირავს გავცემ.
ამ დროს კი მეზვერე, მოშორებით იდგა, თავის ზემოთ აწევისაც კი რცხვენოდა, მკერდში ხელს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს.

თქვა უფალმა: გამოვიდა მეზვერე უფრო გამართლებული, ვიდრე ფარისეველი, რადგან ვინც აიმაღლებს თავს ის დამდაბლდება, ხოლო ვინც დაიმდაბლებს თავს იგი ამაღლდება.



უძღები შვილის დაბრუნება
ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. ერთხელ უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მამაო, მომეცი შენი ქონებიდან ჩემი კუთვნილი ნაწილი.

მამამ გაყო ქონება და უმცროს ვაჟსაც თავისი წილი მისცა. მალე უმცროსმა ვაჟმა შეკრიბა მთელი თავისი ქონება და სხვა სოფელში წავიდა საცხოვრებლად. იგი არაწესიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, ყველაფერი უწესო ცხოვრებას შესწირა და მალე საერთოდ უფულოდ დარჩა.
ყმაწვილი სოფლის ერთ-ერთ მაცხოვრებელს მსახურად დაუდგა. იგი ღორებს აძოვებდა და იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ღორის საჭმელიც კი სანატრელი გაუხდა.
ერთ დღესაც ყმაწვილი გონს მოეგო და თავის თავს უთხრა: რამდენად უფრო უკეთეს მდგომარეობაში ცხოვრობენ მამაჩემის მსახურები. მეც ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და აღარ ვარ ღირსი შენი ძე მეწოდოს. მიმიღე მეც შენთან, ისე, როგორც ერთ-ერთი მსახური.
მამამ შორიდან მომავალი უმცროსი ვაჟი, რომ დაინახა, შეეცოდა. შვილი ჩაუვარდა მამას მუხლებში და უთხრა: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და აღარ ვარ ღირსი მეწოდოს შენი ძე.
მაშინ მამამ მსახურებს უთხრა: მოიტანეთ საუკეთესო სამოსელი, შემოსეთ იგი და გაუკეთეთ ბეჭედი. დაკალით ზვარაკი და გავიხაროთ ყველამ ერთად, რადგან ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ვიპოვე. და დაიწყო დიდი მხიარულება.
ამ დროს უფროსი ვაჟიც დაბრუნდა შინ და სახლიდან ლხინის ხმა, რომ შემოესმა, უხმო ერთ-ერთ მსახურს და ჰკითხა, რა ხდებოდა.
მსახურმა უპასუხა: შენი ძმა დაბრუნდა სახლში და მამამ ზეიმი გამართა, რადგან ცოცხალი დაუბრუნდა შვილი.
უფროსმა ძმამ ეს, რომ მოისმინა, გაბრაზდა და შინ შესვლაც კი აღარ ისურვა.
მაშინ მამა გამოვიდა სახლიდან და დალოცა უფროსი ვაჟი. ვაჟმა კი მიუგო მას: ამდენი წელია, შენ გემსახურები და ერთი თიკანიც კი არ მოგიცია ჩემთვის, რომ დამეკლა და ჩემს მეგობრებთან ერთად მომელხინა. შენმა შვილმა, რომელმაც მთელი შენი ქონება გაფლანგა უწესო ცხოვრებით, მას საუკეთესო საქონელი დაუკალი.

მამამ კი უპასუხა: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ჩემი ყველაფერი შენია. ახლა კი მხიარულება გვმართებს, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ვიპოვეთ.  

Sunday, November 22, 2015



მაცხოვრის ხატი, სვანეთი
იგავი მებადურთა ბადის შესახებ

და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც აგდებენ ზღვაში, და იჭერს ყველანაირ თევზს; და როცა გაივსება, გამოათრევენ ნაპირზე, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაყრიან.
ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ; და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც.  

მაცხოვრის ხატი სვანეთიდან, მე-11 - მე-12 სს.


იგავი დაფლული განძისა და ძვირფასი თვლების შესახებ

ცათა სასუფეველი მსგავსია ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა, გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა.

და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს. და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია და იყიდის მას.